თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა კონტროლის პალატის დადგენილება შპს „მენეჯმენტ სერვისის“ 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმების თაობაზე.
როგორც „ნიუსპრესს“ „მენეჯმენტ-სერვისის“ ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ მიიღო.
„მოსამართლემ საერთოდ უარი თქვა ჩვენი ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, უარი თქვა მტკიცებულებების გამოკვლევაზე. ის სათათბირო ოთახშიც კი, არ გასულა ისე გამოიტანა გადაწყვეტილება და ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა “ - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ორჯერ დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, თუმცა, უშედეგოდ.
ბარამიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა არც ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია, რაც მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის გზით უნდა მომხდარყო.
„ამ კაცმა უბრალოდ არ გამოიკვლია საქმე და ძალაში დატოვა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება“ - განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ცნობილია, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „მენეჯმენტ-სერვისის“ წიინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა და ის სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დადანაშაულების გზით, 5 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა.
