არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პროკურატურისგან ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის
საქმის გამოძიებას მოითხოვს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „მე–9 არხზე“ სიუჟეტი გავიდა, რომლის მიხედვითაც, ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს.
განცხადების თანახმად, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ვაშაყმაძე თანამშრომლებს მიმართავს - „მიდიხართ თქვენთვის ყველაზე სანდო ადამიანთან, პირველ რიგში ოჯახის წევრებთან, ყველაზე სანდო მეგობართან, ნათესავთან, ნათლულთან, რა ვიცი. ვინც გინდათ, არაა აუცილებელი დავუშვათ 20 და 50 კაცი, მაქსიმუმ 10 კაცის ჩაწერა, მინიმუმ, რამდენიც შეგიძლიათ.“
მათი ინფორმაციით, ვაშაყმაძე ასევე, აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ შეხვედრა ძალიან კონფიდენციალურია და მისი ოფიციალური მიზანი ვითომ „დისკუსიაა, თუნდაც ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის შესაბამისად, პარტია სახელმწიფოსთან აღრეული არ უნდა იყოს, რადგან ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა.
„მიგვაჩნია, რომ ამ ქმედებით შესაძლოა, ასევე, დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენოს. შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამრღვევ პირზე ამავე კანონის 79–ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა გატარდეს“- აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, ვაშაყმაძის ქმედებაში, შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც იყოს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ის მის დაქვემდებარებულ პირებს პარტიისთვის ხმების მოპოვებას სთხოვს, რასაც გამგებლის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს, დაქვემდებარებულ პირთა ნების საწინააღმდეგოდ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას აღნიშნული ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თანასწორი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს, რათა პოლიტიკური პატიების, მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები არ დაირღვეს.
