იტალიელ სამართალდამცავებს კახი კალაძე დაკითხვაზე არ გამოუძახიათ
იტალიელ სამართალდამცავებს კახი კალაძე დაკითხვაზე არ გამოუძახიათ
14:55 28.05.2012
იტალიელ სამართალდამცავებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იტალიური საფეხბურთო გუნდის „ჯენოას“ ყოფილი წევრი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ჯერ არ გამოუძახიათ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“„კალა ფონდის“ ხელმძღვანელმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა.
მისივე თქმით, იტალიაში ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისას, ქართველი ფეხბურთელის მოწმის სტატუსით გამოძახების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ პრესის ვარაუდია.
„პრესის ვარაუდია, რომ კალაძეს, როგორც „ჯენოას“ პოპულარულ ფეხბურთელს მოწმის სტატუსით დაკითხავენ. კალაძეს ჩაწყობილ თამაშებთან არაფერი აკავშირებს, თუმცა, ბევრს კი, სურს მის ირგვლივ ე.წ. შავი პიარი ააგოროს. ამ საკითხს მაინცდამაინც სერიოზულად არ ვეკიდებიდებით“ - განაცხადა ჩრდილელმა.
იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელმა სამართალდამცავებმა ე.წ. ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. მათ მოწმის სტატუსით უკვე 60-მდე ფეხბურთელი დაკითხეს. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მოწმის სტატუსით შესაძლოა, დაკითხვაზე კალაძეც გამოიძახონ.

ბეჭდვა