თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს შპს „მენეჯმენტ სერვისის“ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს.
როგორც „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, საჩივარი კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ეხება.
მათი ინფორმაციით, განხილვას ადვოკატები ეკა ბესელია და ალექსანდრე ბარამიძე დაესწრებიან.
„ქართული ოცნებისა“ და „მენეჯმენტ სერვისის“ წარმომადგენლები უარყოფენ, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელი და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები, ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ არიან დასაქმებულნი.
შპს „მენეჯმენტ სერვისს“ საქართველოს მასშტაბით 60 ოფისი აქვს დაქირავებული, რომლებშიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებია განთავსებული.
კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანიის წიინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა, რომლითაც აღნიშნული საწარმო მოქალაქეთა სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დაადანაშაულა და 5 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.
