საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში მნიშვნელოვნად იმატა იმ
ჟურნალისტების მომართვამ, რომელთაც პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი უკანონოდ ეშლებათ. ამის შესახებ განცხადებას საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ავრცელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელის შეშლის ქმედებებს.
„მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი მყისიერი რეაგირება მოახდინოს უკანონო ქმედებაზე და აღადგინოს მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლებები“- ნათქვამია განცხადებაში.
საია-სთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის თითეული ფაქტი, რადგან, მათივე თქმით, მედიის მხარდაჭერა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იუსტიციის სამინისტროს წინ ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დღეს გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს.
