არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშს შემაშფოთებელს უწოდებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და განსაკუთრებით ხაზგასასმელია სახელმწიფოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფუნდამენტურ უფლებათადარღვევის დროს, უმრავლეს შემთხვევაში ობიექტური გამოძიების წარმოება არ ხდება, რაც შემაშფოთებელია.
„ანგარიშში იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას არსებულ პრობლემებზეცაა საუბარი. “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ დევნილთა გამოსახლება ხშირად ხდებოდა ადეკვატური კონსულტაციის, შეტყობინების თუ სამართლებრივ საშუალებებზე ხელმსაწვდომობის გარეშე“- ნათქვამია განცხადებაში.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ანგარიშში ასახულ ბიზნეს სფეროში არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მეწარმეებს პრობლემებს უქმნის თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.
„ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში მრავლადაა ბუნდოვანი ნორმები, რომლის ინტერპრეტაცია შესაძლებელია სხვადასხვანაირად, რაც მეწარმეებს ხშირ შემთხვევაში დოკუმენტაციის არასწორად წარმოებისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე აყენებს“- აცხადებენ „კონსტიტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ კავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკმაოდ უარყოფითი შეფასება აქვს მიცემული 2011 წლის სექტემბერში ქუთაისში მეტალურგიული საწარმო ‘’ჰერკულესის’’ მუშების კანონიერი გაფიცვის ძალის გამოყენებით დაშლას, საქართველოს შრომის კოდექსის 37–ე მუხლს, რომელიც დამსაქმებელს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე დაითხოვოს დასაქმებული, რაც დისკრიმინაციის შესაძლებლობას იძლევა.
„სამწუხაროდ, მთავრობის მიერ დღემდე არ ხდება სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს პარლამენტის მიერ იგნორირებულია პროფკავშირების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დასაქმებულთა უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით იქნა შემუშავებული“- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია დანერგოს შიდა მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვას.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველო არაერთი საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებების ხელმომწერი მხარეა, რითაც მას ნაკისრი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მინიმალური სტანდარტების დაცვის ვალდებულება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის სფეროში გამოცემული ანგარიშები და მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 2011 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.
