„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ,,ამნესტი ინტერნეშნალის” ანგარიში მოიწონა
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ,,ამნესტი ინტერნეშნალის” ანგარიში მოიწონა
15:15 24.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,ამნესტი ინტერნეშნალის” ანგარიშს, რომელიც  2011 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს, დადებით შეფასებას აძლევს. ,,ამნესტი ინტერნეშნალმა” ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.
მოხსენებაში ორგანიზაცია საქართველოსთან მიმართებაში ყურადღებას ამახვილებს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, შეკრების თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და მართლმსაჯურების სისტემაზე.
ანგარიშში დაფიქსირებულია პოლიციის მხრიდან დემონსტრაციების დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტები, იძულებით გადადგილებულ პირთა გამოსახლებისას დარღვეული საერთაშორისო სტანდარტები, ასევე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებით, ,,ამნესტი ინტერნეშნალი” დეტალურად მიმოიხილავს 2011 წელს დემონსტრაციებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. საუბარია, 2011 წლის 3 იანვრისა და 26 მაისის აქციებზე, როდესაც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მანიფესტაციები. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ფაქტებზე დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა.
ასევე, ანგარიშის თანახმად, არ განხორციელდა ეფექტიანი გამოძიება 2007 და 2009 წლის დემონსტრაციების დროს პოლიციელთა ქმედებებზე.
რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, „ამნესტის“ მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც დაფიქსირდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევა. ხაზგასმულია, რომ საქართველომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება არ დაიწყო.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის უმეტესი შემთხვევა, დაზარალებულთათვის პოზიტიური შედეგით არ მთავრდება.
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას და ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევაში არ ატარებს ეფექტიან გამოძიებას.

ბეჭდვა