ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ იტალიელი პარტნიორები საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ამავე კომპანიის ერთ-ერთ მფლობელად მოიაზრება, იტალიურ სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,პირველი სტერეოს“ ერთ-ერთმა მფლობელმა და ყოფილმა დირექტორმა დავთ ზილფიმიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ბეჟუაშვილმა მას ფინანსური ზარალის მიყენება დააბრალა, სინამდვილეში კი, იგი იტალიელ პარტნიორებთან ერთად, ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ინვესტიციებს რეგულარულად ახორციელებდა.
„ბეჟუაშვილი ტელეკომპანიაში ინვესტიციებს არასდროს დებდა. ამ შემთხვევაში ცხადია, თუ ვინ არის ფინანსურად დაზარალებული. მე იტალიელი პარტნიორები მელაპარაკნენ და მითხრეს, რომ იქაურ სასამართლოში ბეჟუაშვილისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ფინანსური ზარალის მიყენების ბრალდებით სარჩელი შეაქვთ“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
მან ასევე განმარტა, რომ თუ დავით ბეჟუაშვილი და მის მიერ დანიშნული ამჟამინდელი დირექტორი ვასილ კობაიძე იტალიაში სასამართლოზე წარმომადგენლებს არ გაგზავნიან, მათი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, საქმე ,,ინტერპოლს“ გადაეცემა.
,,ისინი ახლა ადეიშვილის ხელში თავს დაცულად გრძნობენ. თუმცა, ამ ბატონებს ბორკილდადებულს მალე ვიხილავთ“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
,,პირველი სტერეოს“ 65% წილის მფლობელად და ერთ-ერთ პარტნიორად დავით ზილფიმიანი სწორედ ბეჟუაშვილს ასახელებს. თუმცა, ოფიციალურად ,,პირველ სტერეოს“ მეწილედ ვასილ კობაიძეა გაფორმებული.
რამდენიმე დღის წინ, ვასილ კობაიძემ კომპანიაში როგორც ყველაზე დიდი წილის მფლობელმა და ხმების უმრავლესობის მქონემ, ტელეკომპანიის პარტნიორთა კრება ჩაატარა. კრების ოქმის თანახმად, ტელეკომპანიის დირექტორობიდან გათავისუფლებულ იქნა დავით ზილფიმიანი და ახალ დირექტორად თავად კობაიძე დაინიშნა.
კობაიძემ ზილფიმიანს სასამართლოში ფინანსური ზარალის მიყენების ბრალდებითაც უჩივლა და მისი ქონებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა. ამის შემდეგ კი, კერძო დაცვის კომპანია ,,მგლები“ დაიქირავა ,,პირველი სტერეოს“ ბლოკირება მოახდინა და იქ ზილფიმიანსა და თანამშრომლებს ამ დრომდე არ უშვებენ.
ზილფიმიანი ყოველივე ამას, ტელეკომპანია „მე-9 არხთან“ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაზე მის მიერ გაფორმებულ კონტრაქტს უკავშირებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ იგი სწორედ „მე-9 არხთან“ კავშირის გამო დასაჯა.
