ადვოკატთა ასოციაცია აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს დახმარებისთვის მიმართავს
ადვოკატთა ასოციაცია აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს დახმარებისთვის მიმართავს
14:12 24.05.2012
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის (გამოძიების დროს დაკითხვის წესი) ამოქმედების ვადის 2013 წლის 1 დეკემბრამდე გადაწევა გააპროტესტა და დახმარებისთვის დიპლომატებს მიმართა.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს ერთადერთი დადებითი, რაც გააჩნდა გამოძიების დროს დაკითხვის წესი იყო.
ხატიაშვილის განცხადებით, 114-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოწმე სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით უნდა დაკითხულიყო, თუმცა, როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმმა ახალი კოდექსის მიღების დროს დამატებითი მუხლი შეიტანა, სადაც მითითებულია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედებაში იქნებოდა მოწმის დაკითხვის ძველი წესი, ხოლო ყველა დანარჩენი ცვლილება მიღებისთანავე ამოქმედდა.
„ახლახან პარლამენტმა ახალ კოდექსში 114-ე მუხლის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით პირველი მოსმენით შესწორება მიიღო, სურს მისი 2013 წლის 1 დეკემბრამდე გადაწევა“ - განაცხადა მან.
ხატიაშვილს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის ახალი კოდექსის ამ მუხლის მიმართ ამგვარი მოპყრობა საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს.
„დღეს დაიჭერენ მოწმეს, შეათრევენ განყოფილებაში და თუ გამომძიებელმა სასურველი ჩვენება ვერ მიიღო, მასზე სხვადასხვა სახის ძალადობა ხორციელდება“-განაცხადა მან.
ადვოკატთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ თუ კოდექსში 114-ე მუხლის ამოქმედების ვადამ გადაიწია, ის უსამართლობისა და წამების ახალ მაგალითებს წარმოშობს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ აღნიშნულ საკითხზე წერილობითი მიმართვა გაუგზავნა ამერიკის ელჩს ჯონ ბასს და ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს.
მიმართვაში ადვოკატთა ასოციაცია ითხოვს, საელჩოებმა ყველანაირი დიპლომატიური ბერკეტი აამოქმედონ, რათა პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორება არ შეიტანოს და 144-ე მუხლის ამოწმედების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე არ გადაიტანოს.
ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შესწორება კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმს და დაცვის ინსტიტუტებს საბოლოოდ გაანადგურებს.

ბეჭდვა