სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრიტანელ ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში ჯონ ბოინგტონს შეხვდნენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მისი შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროდან აცნობეს, ჯონ ბოინგტონი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებს მონიტორინგს უწევს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
კალმახელიძის თქმით, სამინისტროსთვის ასეთი დონის ექსპერტების ჩართულობა და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამოქალაქო სექტორთან გათანაბრება სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ბოინგტონმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი ჯონ ბოინგტონი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში პენიტენციურ ჯანდაცვას ხელმძღვანელობდა, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ციხის ჯანმრთელობის პროგრამის თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
