საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის დაკრძალვა, სამშობლოში მისი დასაფლავების თაობაზე ოჯახის სურვილის მიუხედავად, მოსკოვში მოხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას life news ავრცელებს.
life news-ის ინფორმაციით, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს მთავრობამ ცხედრის სამშობლოში დაკრძალვაზე უარი განაცხადა.
„რომან დუმბაძის ხსოვნისადმი პარაკლისს დღეს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში გადაიხდიან. დაკრძალვისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას ოჯახს ქართული დიასპორა აღმოუჩენს. დუმბაძე პასტივსაცემი და სამართლიანი ქართველი იყო და რა თქმა უნდა, სასურველი იყო მისი სამშობლოში დასაფლავება“- განაცხადა მოკლულის მეგობარმა, თავდაცვის ექს-მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა.
წყაროს ცნობით, ყოფილი გენერლის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე უარის თქმის ოფიციალურ მიზეზად საჭირო საბუთების გაფორმების დაგვიანება სახელდება, თუმცა, თავად ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა უარი.
ქართველი გენერალი რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან თავისა და მუცლის არეში მიყენებული 7 ჭრილობისგან გარდაიცვალა. შემთხვევა დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლით მოძრაობდნენ. ისინი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე წამოეწიენ დუმბაძეს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მისი მიმართულებით სროლა დაიწყეს.
საგამოძიებო ჯგუფი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორისა დუმბაძის ყოფილი საქმიანობა.
გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რომან დუმბაძის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება. „არა მგონია, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაზე რამე პრობლემა ჰქონდეს“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატმა.
