საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავას
მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, 18 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის დროს, მამუკა ქარდავას ხობის გამგეობის თანამშრომელმა ვლადიმერ ჭითანავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერაა დაფიქსირებული.
მათივე ინფორმაციით, „ქართულის ოცნების“ ხობის შტაბის უფროსი საია-სთან და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„მიგვაჩნია, რომ კანონიერების აღდგენისა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ, ობიექტურად და სრულად უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი“ - აცხადებენ საია-ში.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ განცხადება კოალიციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მათი განმარტებით, თავდასხმა 19 მაისს, ღამით 00.45 წუთზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან მოხდა. ქარდავას თავს 4 დაუდგენელი პირი მაშინ დაესხა, როცა მან სარკინიგზო გადასასვლეთან ავტომობილი წინ მდგომი მანქანის გამო გააჩერა.
