არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ახალი მიდგომა დაინერგა
არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ახალი მიდგომა დაინერგა
16:01 22.05.2012
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ ახალი მიდგომა დაინერგა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, ამიერიდან, არასრულწლოვანი ბრალდებულები სხვა პატიმრებისგან განცალკევებით განთავსდებიან.
სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის დანერგილი ახალი მიდგომები, თითოეული მოზარდის მიმართ ინდივიდუალურ დამოკიდებულებას გულისხმობს.
მისივე თქმით, აქცენტი ფსიქო-რეაბილიტაციასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებაზე, მათთვის პროფესიული კურსებისა და სპორტული აქტივობების შეთავაზებაზე გაკეთდება.
სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში, რომელიც სპეციალურად სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებმა მოხატეს, ბრალდებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ და რეაბილიტაცია გაიარონ.
პროექტში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (GIP) და ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“(PRI) მონაწილეობენ.

ბეჭდვა