შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გელა მურადაშვილი დააკავა
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გელა მურადაშვილი დააკავა
15:35 22.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული გელა მურადაშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი გელა მურადაშვილს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულებების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ მას „ქართულ ოცნებაში“ გააწევრიანებდა და სამსახურს შესთავაზებდა, სადაც მურადაშვილს სოლიდური ანაზღაურება ექნებოდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გელა მურადაშვილი მიცემული პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად პირად თანხებს ხარჯავდა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ტარიელ ივანიშვილმა მურადაშვილს მასზე მიცემული პირობის შესრულებაზე უარი განუცხადა, რაზეც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ გელა მურადაშვილი დღეს საქმის გასარკვევად ტარიელ ივანიშვილთან ოფისში მივიდა. ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა გელა მურადაშვილმა ტარიელ ივანიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გელა მურადაშვილი ასპინძის პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა