ადამიანის უფლებათა ცენტრმა თიანეთში პოლიციის მიერ ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გელა მთივლიშვილის უკანონოდ დაკავებისა და ცემის ფაქტი დაგმო. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთივლიშვილი 20 მაისს, თიანეთში კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების შესასწავლად და რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. ადგილზე ჩასვლის თხოვნით მას თიანეთიდან ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიმართეს.
,,მთივლიშვილი რეპორტაჟისთვის თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, ამ დროს შენობის კიბეზე მდგარმა მამაკაცმა ხელი დაუქნია. ჟურნალისტი არ მივიდა რადგან, მამაკაცს პოლიციის ფორმა არ ეცვა“- აღნიშნა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მოქალაქემ ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა სცადა, ცოტა ხანში კი, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა იგი პოლიციის შენობისკენ ძალით წაიყვანა.
მთივლიშვილის განცხადებით, მას ამ დროს კამერა და ტელეფონი წაართვეს. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, პოლიციის შენობაში შეყვანისთანავე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, სავარაუდოდ, თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ მამუკა შალამბერიძემ მას მუცელში წიხლი ორჯერ ჩაარტყა, ამავე დროს, თავშიც რაღაც საგნის ჩარტყმა იგრძნო. მან ხაზი გაუსვა, რომ ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს.
,,დაკავებიდან 40 წუთის შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გავხდი. მორიგე პოლიციელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახა. ვიდრე ექიმები პოლიციის შენობაში შემოვიდოდნენ, მეორე სართულიდან ჩამოვიდა პოლიციის უფროსის მოადგილე, ხელი მკრა და გარეთ გამაგდო“ - განაცხადა მთივლიშვილმა.
ჟურნალისტის განმარტებით, ის ოთხი საათი თიანეთის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისი თქმით, ექიმების დასკვნაა -დაზიანებები თავის არეში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი და გელა მთივლიშვილი, დღესვე მთავარ პროკურატურას მიმართავენ. გარდა ამისა, მიმართვას გაუგზავნიან, სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ნანუაშვილის თქმით, მათ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
