ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი 15:00 საათზე დაიწყება
ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი 15:00 საათზე დაიწყება
11:47 21.02.2012
ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" დაკავებულის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აცნობა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს და მზად არის სასამართლო პროცესზე ყველა კითხვას უპასუხოს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გელბახიანის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას კვლავ დააყენებს.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებულის ვაჟმა, ირაკლი გელბახიანმა გუშინ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამა პოლიციას თავად ჩაბარდა.
"ირაკლი იურისტი არ არის და მან პრესას ზუსტი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. ვალერი გელბახიანი პოლიციას არ ჩაბარებია, ის დააკავეს. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ ჩვენ სასამართლოს თხოვნით მივმართეთ, რათა დედის ავადმყოფობის გამო გელბახიანისთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ და თავდებით გაეშვათ. თუმცა, ვინაიდან სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გელბახიანმა გადადგა ვაჟკაცური ნაბიჯი და მაინც შემოვიდა საქართველოში. მას სურდა ენახა ავადმყოფი დედა, თუნდაც პატიმრობაში მყოფს", - ამბობს ხაჭაპურიძე
ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს კი გელბახიანის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ბეჭდვა