ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი და ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი დღეს სასამართლოს მიმართავს.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, სასამართლოსგან იმ უკანონობის ჯაჭვის გასწორებას მოითხოვს, რაც ტელეკომპანიასთან მიმართებაში მოხდა.
ზილფიმიანის განმარტებით, ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს.
„თითები აღარ მყოფნის ჩამოვთვალო იმდენი უკანონობა მოხდა. ყველა საბუთი, რომელიც აქამდე წარადგინეს, გაყალბებულია. იმდენად ბანალური თემებია, ნებისმიერის პასუხისგებაში მიცემაა შესაძლებელი“- აცხადებს ზილფიმიანი.
მისივე თქმით, ის ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის“ ბრძოლას ყველა კანონიერი გზით გააგრძელებს.
პირველი სტერეოს ერთ-ერთ მფლობელს და ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს სასამართლომ ქონება დაუყადაღა. მისი თქმით, 12 მაისს პარლამენტის დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა, რომელიც „პირველ სტერეოში“ მისი პარტნიორია, სასამართლოში განცხადება შეიტანა, თითქოს, მათ დავით ზილფიმიანი აზარალებდა. არჩეულ იქნა ტელეკომპანიის ახალი დირექტორიც.
ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი მის მიერ ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ გაფორმებული კონტრაქტია, რომელიც „მეცხრე არხის“ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ითვალისწინებდა.
