„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებული მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ აცნობეს.
ორგანიზაციის განცხადებით, დაკავებულების უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დაიცავს.
სასამართლო სხდომა დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას დაეთმობა. პროცესს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი წარუძღვება.
ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული პირები მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მათ ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება არ მისცეს.
