ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი და ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი ხვალ სასამართლოს მიმართავს.
როგორც მან დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა, სასამართლოსგან იმ უკანონობის ჯაჭვის გასწორებას მოითხოვს, რაც ტელეკომპანისთან მიმართებაში მოხდა.
ზილფიმიანის განმარტებით, ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს.
„თითები აღარ მყოფნის ჩამოვთვალო იმდენი უკანონობა მოხდა. ყველა საბუთი, რომელიც აქამდე წარადგინეს, გაყალბებულია. იმდენად ბანალური თემებია, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერის პასუხისგებაში მიცემაა შესაძლებელი“- აცხადებს ზილფიმიანი.
მისივე თქმით, ის ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის“ ბრძოლას ყველა კანონიერი გზით გააგრძელებს.
დავით ზილფიმიანის განმარტებით, ამჟამად ტელეკომპანია დაცვის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.
„არც ერთი ჩვენი თანამშრომელი სამსახურში არ იმყოფება“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, „პირველი სტერეოს“ იტალიელმა პარტნიორებმა ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო საპროტესტო დოკუმენტი შეიმუშავეს.
პირველი სტერეოს ერთ-ერთ მფლობელს და ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს სასამართლომ ქონება დაუყადაღა. მისი თქმით, 12 მაისს პარლამენტის დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა, რომელიც „პირველ სტერეოში“ მისი პარტნიორია, სასამართლოში განცხადება შეიტანა, თითქოს, მათ დავით ზილფიმიანი აზარალებდა.
ზილფმიანი მიიჩნევს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი მის მიერ ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ გაფორმებული კონტრაქტია, რომელიც მეცხრე არხის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ითვალისწინებდა.
