დღეს ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი გაიმართება
10:12 21.02.2012
დღეს დაახლოებით 2 საათისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელბახიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

„ვალერი გელბახიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, თუმცა მზად არის გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს“ - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გელბახიანის ვაჟმა - ირაკლი გელბახიანმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ თითქოს მამამისი თავად ჩაბარდა პოლიციას.

„ირაკლი გელბახიანი იურისტი არ არის და მან პრესას ზუსტი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. ვალერი გელბახიანი პოლიციას არ ჩაბარებია, ის დააკავეს. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ ჩვენ სასამართლოს თხოვნით მივმართეთ, რათა დედის ავადმყოფობის გამო გელბახიანისთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ და თავდებით გაეშვათ. თუმცა, ვინაიდან სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა გელბახიანმა გადადგა ვაჟკაცური ნაბიჯი და ის მაინც შემოვიდა საქართველოში. მას სურდა ენახა ავადმყოფი დედა, თუნდაც პატიმრობაში მყოფს“- ამბობს ხაჭაპურიძე

ხაჭაპურიძის განცხადებით გელბახიანმა გუშინ ჩვენების მიცემისაგან თავი შეიკავა. სასამართლო პროცესზე კი მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. პროცესზე დაცვის მხარე კვლავ დააყენებს შუამდგომლობას გელბახიანის თავდებით გათავისუფლების თაობაზე.


ბეჭდვა