საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე სექსუალურ უმცირესობათა აქციის დროს დაკავებულ 3 პირს - დავით კეკელიძეს, საბა ქურციკიძეს და დავით ჩხაიძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
სასამართლომ ადმინისტრაციული წესით საბა ქურციკიძე 400 ლარით დააჯარიმა, დავით ჩხეიძეს ერთდღიანი, ხოლო დავით კეკელიძეს კი ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გუშინდელ აქციაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს და იმ პირთა დასჯა მოითხოვეს, რომელთაც მსვლელობის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, აქციის დასრულების შემდეგ სამმა ახალგაზრდამ პარლამენტის შენობის წინ მყოფ რამდენიმე აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სამივე მათგანი იქვე მობილიზებულმა პატრულმა დააკავა.
