„კონსტიტუციის 42-ე მუხლი'“ რუსთაველზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებს რეაგირებას სთხოვს
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი'“ რუსთაველზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებს რეაგირებას სთხოვს
19:19 18.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცავებს რეაგირებას სთხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, ორგანიზაცია მიესალმება, აღნიშნულ საკითხზე რეაგირების შესახებ სახალხო დამცველისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს - რეაგირების გარეშე არ დატოვონ მომხდარი ფაქტი და ეფექტური გამოძიება აწარმოონ“ - განაცხადეს ორგანიზაციაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰომოფობია ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.
„ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანასწორუფლებიანობის ცნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ამიტომ, თანასწორუფლებიანობის დარღვევა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტზე, რაც შემდგომში მათი მარგინალიზაციის მიზეზი ხდება“ - განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.
როგორც ცნობილია, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გუშინ ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მეცნიერებათა აკადემიასთან მათ ახალგაზრდების ჯგუფი გადაუდგა წინ და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი - ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დაპირისპირების მონაწილეები გარკვეული დროით დააკავეს.

ბეჭდვა