„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ქსნის საპყრობილეში პატიმარზე განხორცილებულ ძალადობაზე რეაგირებას ითხოვს
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ქსნის საპყრობილეში პატიმარზე განხორცილებულ ძალადობაზე რეაგირებას ითხოვს
19:15 18.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ქსნის #15 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, დემოკრატიული საზოგადოებისთვის წამება და არაადამიანური მოპყრობა აკრძალული და მიუღებელია.
„წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან მყისიერი რეაგირება მოახდინონ, მიუკერძოებელი, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება აწარმოონ, გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავე პირები“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მოძრაობამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ქსნის მე-15 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პეტრე ოვანოვის გაუპატიურების ფაქტზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ზურაბ დიასამიძემ, კოკა კვინიკაძემ და ვლადიმერ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადეს.
მათი თქმით, ორი დღის წინ, პეტრე ოვანოვის მეგობარმა ყოფილმა პატიმარმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ადვოკატ ეკა ბესელიას, საადვოკატო ბიუროში ოვანოვის ხელნაწერი მიუტანა.
წერილში ოვანოვი ქსნის მე-15-ე დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ, მორალურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. კონკრეტულად კი, წერილის თანახმად, ოვანოვის თქმით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ის გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მსჯავრდებული წერილში დახმარებას ითხოვს.

ბეჭდვა