თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებაზე განმარტებას აკეთებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებაზე განმარტებას აკეთებს
18:44 18.05.2012
თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო +“-ის მეწილის, დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასამართლოოდან აცნობეს, 2012 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,პირველი სტერეოს” პარტნიორმა ვასილ კობაიძემ მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მოითხოვა. განმცხადებელი დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებას ითხოვდა, რათა ქონების მოსალოდნელი გასხვისება თავიდან ყოფილიყო აცილებულიყო.
საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებითაა დანერგილი და მსგავსი შინაარის განცხადებებს სასამართლო ყოველდღიურად განიხილავს.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ვასილ კობაიძის განცხადება სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განიხილა და ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებების განხილვა სასამართლო პროცესის ჩატარებას არ ითვალისწინებს, პროცესი არც ზილფიმიანის შემთხვევაში ჩატარებულა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 2012 წლის 12 მაისის განჩინებით დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს ,,ტელეკომპანია პირველი სტერეო”-ში და შპს ,,სტერეო+”-ში ყადაღა დაედო.
„ეს არის არა ტელეკომპანია ”პირველი სტერეო”-ს ან ”სტერეო+”-ის ქონება, არამედ - დავით ზილფიმიანის პირადი საკუთრება. ყადაღით იტვირთება მოპასუხის ქონება და ამიტომ, ყადაღა დაედო მის კუთვნილ წილს სხვა კომპანიაშიც, სადაც ვასილ კობაიძე არ არის პარტნიორი“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თუ მოპასუხე გამოყენებულ უზრუნველყოფას არ ეთანხმება, კანონით მას 5-დღიან ვადაში გასაჩივრების უფლება ენიჭება, თუმცა, ამ შემთხვევაში მოპასუხეს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია.
„ნაცვლად ამისა, მხარემ სასამართლოს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ სასამართლოს შეურაცხყოფით წარმატებას და სასურველ გადაწყვეტილებას ვერავინ მიაღწია“-აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა პრეტენზიები სასამართლოს გზით უნდა განიხილებოდეს. ამასთან, საზოგადოებას მოუწოდებს, მოსამართლის ღირსებას სიფრთხილით მოეკიდონ და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.


ბეჭდვა