ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ფონდი ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ფონდი ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო
18:21 18.05.2012
კონტროლის პალატა საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ მიზნებსა და ამოცანებს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს უკავშირებს.
როგორც კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ლიდერები ფონდის დაფუძნებისთანავე ფონდის მიზნებთან და ამოცანებთან ასოცირებას ახდენდნენ.
განცხადების თანახმად, საჯარო გამოსვლებში ფონდის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ფორმებზე საუბრობდნენ, რაც საზოგადოებაში მიზნების განხორციელების დამაჯერებლობას ქმნიდა და საზოგადოების მხრიდან ფონდის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას იწვევდა.
„ყოველივე აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან, ფონდის მიზნების და ამოცანების კავშირს იწვევდა. რაც ასევე ფონდის ხელმძღვანელის საჯარო ქმედებებში გამოიხატა - საზოგადოებასთან და ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით კოალიციის პოლიტიკური მიზნების კომუნიკაცია მოახდინოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 14 მაისს განცხადება გააკეთა და შესაბამის სუბიექტებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
კონტროლის პალატის განცხადების თანახმად, 17 მაისს, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან საქართველოს „კონსერვატიული პარტიის“ საგარეო ურთიერთობათა მდივნის ბიძინა გიორგობიანის მიერ, რომელიც ამავდროულად პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია, 90 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია განახორციელა.
„აღნიშნული ტრანზაქცია, ისევე, როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტების, ფორმით, შინაარსითა და სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და „ფონდი ქომაგის“ ანგარიშები დააყადაღოს. ასევე, განახორციელოს ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის 30 აპრილს დაარსდა. ფონდის შექმნისა და საქმიანობის მიზნად პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული პირების ფინანსური და იურიდიული დახმარება განისაზღვრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას. საჭიროებიდან გამომდინარე, გამოუყოფს ყოველთვიურ დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე.

ბეჭდვა