სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრო მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების
შეცდომაში შეყვანის მცდელობის შეფასებას აძლევს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მსგავსი ფაქტები, როგორც პენიტენციური სისტემის მოხელეებს, ასევე, ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს შეურაცხყოფს.
„უშუალოდ მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვის თაობაზე, რომელიც სასჯელს ჯგუფური ყაჩაღობისთვის იხდის, გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის არცერთხელ არ მიუმართავს“ - განმარტავენ სამინისტროში.
განცხადების თანახმად, სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ზემოაღნიშნულ საკითხზე შეტყობინების მიღება თებერვალშივე, რათა საკითხი დაუყოვნებლივ გამოძიებულიყო.
„უცნაურია ამის შესახებ სამინისტროს არაპირდაპირი ინფორმირება რამდენიმე თვის დაგვიანებით, მაშინ, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზით რაიმეს დადასტურება უკვე ურთულესია და პრაქტიკულად შეუძლებელი, რაც თავისთავად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნული საკითხის დეტალურად შესწავლისა და შესაბამის რეაგირებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც ცნობილია, მოძრაობამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ქსნის მე-15-ე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პეტრე ოვანოვის გაუპატიურების თაობაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა. პატიმარმა ადვოკატ ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს წერილი მისწერა. ,,მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფერში უშუალოდ მონაწილეობდნენ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ასევე, თანამშრომლები ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე. ამ ყველაფრის გახმაურება, რასაც ახლა ვამბობ, თავგანწირვის ტოლფასია, რადგან მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს მუქარა სისრულეში მოიყვანონ“ - აღნიშნულია ოვანოვის წერილში.
