არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატები დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, პატიმართა უფლებების შესახებ კონსულტაციებს ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხვალ გამართავენ.
ორგანიზაციის იურისტები მოქალაქეებს პატიმართა უფლებებს გააცნობენ, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრებენ და მათ პრობლემებს მოისმენენ.
ამასთან, იურისტები შეხვედრაზე ყურადღებას იმ ძირითად დარღვევებზე გაამახვილებენ, რომლებიც საპატიმროებში ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დროს შეინიშნება. კონსულტაციაზე პატიმართა ახლობლებს შესაძლებლობა ექნებათ ადვოკატებს კითხვები დაუსვან და მათთვის საინტერესო თემებზე პასუხები მიიღონ.
კონსულტაციები ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის „უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“ ფარგლებში ჩატარდება. პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
