ომბუდსმენი ხელისუფლებას ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი ხელისუფლებას ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
11:38 16.05.2012

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საჯარო მოსამსახურეებს მათთვის დაკისრებული თმენის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

 ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ომბუდსმენი ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ტუღუშის განმარტებით, მედიის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გამგებლის მოადგილეს ბესო გაზდელიანს, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ უბანში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შელაპარაკება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან მოუვიდა, რასაც ამ უკანასკნელის ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ, მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ყველა საჯარო მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, მას კრიტიკის გამო, თმენის ვალდებულება ეკისრება, განსაკუთრებით კი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
„საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს შეუფერებელი ქცევისგან თავი შეიკავოს. მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა ან კონფლიქტის პროვოცირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი, ხელისუფლებას გამგებლის მოადგილის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ბეჭდვა