კონტროლის პალატა „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს
კონტროლის პალატა „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს
10:15 16.05.2012
საქართველოს კონტროლის პალატა შპს „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმებამის მიზეზებს განმარტავს.
ამის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონმდებლობით არ იზღუდება სამეწარმეო საქმიანობა და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გაუწიოს მომსახურება პოლიტიკურ სუბიექტებს მათი სამეწარმეო მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლის მიზნით.
„კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და მის კოალიციაში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელებულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა“- აცხადებენ კონტროლის პალატაში.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტრორინგის სამსახურის განმარტებით, კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები.
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რომელიც თავის მხრივ უშუალო სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს „ბურჯს“ უკვეთავდა. ორივე ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია და ორივე მათგანის წარმომადგენელი საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშვილია. ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში. აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე დროს არის მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით. კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ და „ბურჯის“ ხელმძღვანელები და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად დასაქმებულები არიან ააიპ „მოძრაობა ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატიდან აცნობეს, „მენეჯმენტ სერვისმა“ საიჯარო საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესი 2012 წლის თებერვლიდან წამოიწყო და მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებთან უკვე გაფორმებულია ქვექირავნობის 60 ხელშეკრულება. ფართების დაქირავებიდან რამდენიმე დღეში, ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე, „მენეჯმენტ სერვისი“ დაქირავებულ ფართებს ქვექირავნობით პოლიტიკურ პარტიებს გადასცემდა, თუმცა ფართის მესაკუთრეებს წინასწარ უხდიდა რამდენიმე თვის, ხშირ შემთხვევაში იჯარის სრულ თანხას. კონტროლის პალატის ცნობით, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ მთელ რიგ ოფისებში საკმაოდ ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, თუმცა, კონტროლის პალატამ იხელმძღვანელა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით და გარემონტებული ფართების მოცულობის დადგენისას მხოლოდ თავად „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ მოწოდებულ ნარდობის ხელშეკრულებებს დაეყრდნო. მის საფუძველზე კი განსაზღვრა, რომ „მენეჯმენტ სერვისმა“ კოალიციაში შემავალი პარტიების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“-ს სარგებლობაში არსებული ფართების სარემონტო სამუშაოებზე 476.619.51 ლარის ხარჯი გასწია, რაც წარმოადგენს იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. იგი დაჯარიმდა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით, რადგან მას, როგორც იურიდიულ პირს, არ ჰქონდა რაიმე სახის შემოწირულობის განხორციელების უფლება“- აცხადებენ კონტროლის პალატაში.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „მენეჯმენ სერვისი“ 5 მილიონი ლარით დააჯარიმა.

ბეჭდვა