„მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების ფაქტს ივანიშილის ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ
„მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების ფაქტს ივანიშილის ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ
17:30 15.05.2012
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ დაჯარიმების ფაქტის გასაჩივრებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა  ივანიშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ. ამის შესახებ ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის წევრებმა ეკა ბესელიამ და ალექსანდრე ბარამიძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ბესელიას განცხადებით, კონტროლის პალატამ განიზრახა ამჯერად ზეწოლა „მენეჯმენტ სერვისზე“ განახორციელოს, რითაც ის კოალიციას პირდპირ ზიანს აყენებს.
„ამ უკანონობას ჩვენ ადგილობრივ სასამართლოებში გავასაჩივრებთ, ჯერ საქალაქოში, შემდეგ - სააპელაციოში. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ მოგელაძის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებენ, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ" - განაცხადა მან.
კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ ხელმძღვანელის ბესიკ დემეტრაშვილის თქმით, კომპანიას საშუალება არ აქვს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს. იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას კერძო ბიზნესზე ზეწოლად აფასებს.
მისივე თქმით, გარდა უძრავი ქონებით ვაჭრობისა, კომპანიის მართვაშია ბათუმის „დელფინარიუმი“ და ქობულეთის გასართობი ცერნტრი „ციცინათელა“. გაკოტრების შემთხვევაში კი, მათი დაფინანსება შეუძლებელი გახდება.
შპს „მენეჯმენტ სერვისს“ საქართველოს მასშტაბით 60 ოფისი აქვს დაქირავებული, რომლებშიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებია განთავსებული.
კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანიის წიინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 11 მაისს შეადგინა, რომლითაც აღნიშნული საწარმო მოქალაქეთა სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დაადანაშაულა და 5 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.

ბეჭდვა