სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა 29 მაისს გაიმართება
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა 29 მაისს გაიმართება
18:07 14.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 29 მაისს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა.
მისი თქმით, დღეს, მოწმის სახით პოლიციის ის ორი თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც ჩაჩიბაია დააკავეს.
ადვოკატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მათ იმ ფაქტობრივი დეტალების აღწერა უწევთ, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.
„მათი ჩვენებების მიხედვით, ჩაჩიბაიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე არსებულ ავტოსახელოსნოსთან ჩაიდინა. კერძოდ, ის მოქალაქე ოთარ ქეცბაიას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია“ - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ჩვენებებიდან გაირკვა, რომ ჩაჩიბაიამ დაკავების შემდეგ, მანქანაში პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მათაც მიაყენა.
ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე, მოწმის სახით, მესამე პოლიციელიც უნდა დაეკითხათ, მაგრამ სხდომის მსვლელობის დროს პროკურორმა განაცხადა, რომ ის თბილისში გამოიძახეს.
„სხდომის დაწყებამდე პროკურორს არ უთქვამს, რომ მოწმე წასვლას აპირებდა, მას ვერც პროცესის მსვლელობის დროს შეატყობინებდნენ, პროცესზე შესვენება არ გამოცხადებულა და პროკურორს არც მობილური ტელეფონით უსარგებლია“ - ხაზგასმით აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა აღარ ისურვა, რადგან მათი ჩვენებები არასარწმუნოობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
სერგო ჩაჩიბაია მარტში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს.

ბეჭდვა