სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, ერთ-ერთ გაზეთში გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
წყალდიდობის შედეგად პატიმრების დაღუპვაზე, მცდარს უწოდებს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ერთ-ერთ გაზეთი, გამოქვეყნებული სტატიით, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სტატიის ავტორი ჭორის დონეზე ეჭვს გამოთქვამს, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წყალდიდობის შედეგად პატიმრები დაიღუპნენ. გაზეთს სამინისტროსთვის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ მოუმართავს, შესაბამისად, იგი ცდილობს მოსახლეობა სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ შეგნებულად მოატყუოს“- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემაზე ცრუ ინფორმაცია სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე ხშირად ვრცელდება.
„თუმცა, ამ შემთხვევის გამოყენება სამინისტროს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია იმის ფონზე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მსჯავრდებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო“ - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გარკვეული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
