გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანთან ერთად მისი ვაჟიც დაკავებულია
გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანთან ერთად მისი ვაჟიც დაკავებულია
11:29 20.02.2012
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ყოფილ დეპუტატ ვალერი გელბახიანთან ერთად სამართალდამცველებმა მისი ვაჟიც, ირაკლი გელბახიანიც დააკავეს.
როგორც ჟურნალისტებს დღეს თარგამაძემ განუცხადა, ირაკლი გელბახიანის მიმართ გამოძიების მხრიდან არანაირი პრეტენზია არ არსებობდა და არც ძებნა იყო გამოცხადებული. მისივე თქმით, მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ეს არის 4 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ვალერი გელბახიანის დევნის გაგრძელება, მუხანათობა და არაკანონიერი მოქმედება, როდესაც შვილს ავადმყოფი დედის ნახვის უფლებას ართმევენ", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ვალერი გელბახიანს ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელიც 5 წელია არ უნახავს და სწორედ მის მოსანახულებლად ჩამოვიდა საქართველოში. თარგამაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკანონიერ ქმედებას აქვს ადგილი, ამიტომ ქდმ ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლოს გზით მისი გათავისუფლება მოხდეს.
გიორგი თარგამაძე ასევე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რომ თავი დაანებოს ვალერი გელბახიანის დევნას და მოხდეს მისი გათავისუფლება.
ვალერი გელბახიანი დღეს საქართველო-სომხეთის საზღვრის სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს

ბეჭდვა