საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედი ადვოკატებისთვის დღეიდან სავალდებულო ტრენინგი, სახელწოდებით "ადვოკატთა პროფესიული ეთიკა" დაიწყო.
როგორც ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თიკო ქარსელაძემ "ნიუსპრესს" აცნობა, საქართველოში მოქმედი ყველა ადვოკატისთვის ტრენინგის გავლა სავალდებულოა.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის შესახებ ტრენინგი უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატები ამ ტრენინგს არ გაივლიან, მათ წლის ბოლოს საშუალება ექნებათ, კიდევ გაიარონ იგივე სახის სწავლება, რომელიც უკვე ფასიანი იქნება. თუ ისინი ტრენინგს წლის ბოლოსაც არ გაივლიან, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო მათი უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებს.
თიკო ქარსელაძის ცნობით, ტრენინგს საქართველოს მასშტაბით 3500 ადვოკატი გაივლის. სწავლება ინტერაქტიული სახისაა და სამ საათს გრძელდება.
