თბილისის #53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, თავად მოსწავლის გადაწყვეტილებით შეწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ მიხეილ ალექსიძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა, არასრულწლოვანმა გადაწყვეტილების მოტივი არ განმარტა.
„მიხეილ ალექსიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის სკოლიდან გარიცხვის გარემოებებს არ ეთანხმება. მისი თქმით, ის საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე მართლია და დავის გაგრძელებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“ - აღნიშნა ადვოკატმა.
წიკლაურის განცხადებით, საქმის განხილვის პროცესში თბილისის რამდენიმე სკოლამ მიხეილ ალექსიძის მიღების სურვილი გამოთქვა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ სკოლები პოზიციას არ შეიცვლიან და ალექსიძე რომელიმე სკოლაში გააგრძელებს სწავლას“ - განაცხადა წიკლაურმა.
ადვოკატმა უარყო განათლების სამინისტროს ინფორმაცია, თითქოს, ალექსიძე თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი განცხადებით, ალექსიძის მშობელს აღნიშნული სკოლისთვის განცხადებით არ მიუმართავს, შესაბამისად, მშობლის განცხადების გარეშე ის სკოლაში ვერ ჩაირიცხებოდა.
„დავის პერიოდში განვლილი სასწავლო პროგრამის ჩაბარების მიზნით, ის 77-ე სკოლაში მხოლოდ ექსტერნად დარეგისტრირდა“ - განმარტა წიკლაურმა.
ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, დირექტორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხა. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვდა.
