კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლის ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, მისი ნათესავების მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძის და ლევან დუმბაძის საქმეს გამოეყო და ცალკე განიხილება.
როგორც „ნიუსპრესს“ ქოქოლაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, დღეს სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის ნაცვლად, პროკურორმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და საკამათო ეტაპზე მყოფი ანზორ ქოქოლაძის საქმის სხვა ბრალდებულთა საქმიდან გამოყოფა ითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„საქმე სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მასზე მსჯელობა არ მოხდება და განაჩენის გამოტანა, ჯერჯერობით არ მოხდება“ - აღნიშნა გელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, პროკურორმა არგუმენტად მოიყვანა გამოძიების ეტაპზე დაუდგენელ პირთა მიმართ აღმოჩენილი კიდევ ერთი საქმე.
„პროკურორის თქმით, ქოქოლაძის მიმართ გამოტანილმა განაჩენმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ დაუდგენელ პირთა საქმეზე“ - განაცხადა გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ არგუმენტს დაცვის მხარე არ დაეთანხმა, რადგან მიაჩნია, რომ ის უსაფუძვლოა და საქმესთან საერთო არაფერი აქვს“- განაცხადა გელაშვილმა.
ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარეს ანზორ ქოქოლაძის ბრალის დამადასტურებული არანაირი მტკიცებულება არ აქვს. გელაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარეს სურს ერთი მტკიცებულება მაინც დადოს, რასაც სასამართლო ქოქოლაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაეყრდნობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, რომელიც სასამართლო პროცესზე მონიტორინგს ახორციელბს, მიიჩნევს, რომ ეს არის ბიზნესმენ ქოქოლაძის მიზანმიმართული დევნა და პროკურატურა ყველა ღონეს ხმარობს მის სამაგალითოდ დასასჯელად.
ანზორ ქოქოლაძის პროცესის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და ბრალად თაღლითობა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზება დაედო. საქალაქო სასამართლომ 2011 წლის აპრილში ქოქოლაძეს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
