თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელზე უარის თქმის მოტივით, თბილისის N53 საჯარო სკოლაში
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება შეწყვიტა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მოსარჩელე მიხეილ ალექსიძემ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ლალი ლეკიშვილმა სასამართლოში, მოპასუხეების - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის, ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს მიმართ დავის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის დავის საგანს სკოლის დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, N53 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება - ამავე სკოლის მოსწავლის მიხეილ ალექსიძის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სასჯელი - მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა წარმოადგენდა.
„სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე სარჩელზე უარი განაცხადა, შესაბამისად, საქმის წარმოება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე შეწყდა“- აცხადებენ სასამართლოში.
სასამართლოს განჩინება შეიძლება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს, დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან 12 დღის ვადაში.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე მოსწავლედ თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება.
