საია ვაზაგაშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოშიც დაიცავს
საია ვაზაგაშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოშიც დაიცავს
19:22 10.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოშიც დაიცავს.  აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს.

მათი განცხადებით, საქმე 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან „მოამბეში“ მომზადებულ სიუჟეტს ეხება, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით, კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას მიეძღვნა.

„საიას მომართეს ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ სიუჟეტში ნათქვამი ფრაზა - „ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ - არ შეესაბამება სინამდვილეს“- აცხადებენ საიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი შეიტანეს, რომლითაც ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვენ. ვაზაგაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები დაიცავენ.

საია იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივარი დროულად და ობიექტურად განიხილება.

ბეჭდვა