საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.
ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახამად, შსს აღნიშნული ბრალდება, ისევე, როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წარსულში გავრცელებული მსგავსი ბრალდებები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებით რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას ცდილობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ, ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი ტერორისტული და დივერსიული აქტის განხორციელების მცდელობას, რომელთა უმეტესობაც წარმატებით იქნა აღკვეთილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხდება“- აღნიშნულია განცხადებაში.
შსს რუსეთის ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
რუსული საინფორმაციო საშუალებებით დღეს გავრცელებული რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის ათი საცავი აღმოაჩინეს და ტერორისტული დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქართული სპეცსამსახურების დახმარებით, 2012-დან 2014 წლამდე აღნიშნული შეიარაღების სოჭის მიმართულებით გადატანას და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მიზნით, რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.
