საქართველოს უკრაინასა და მოლდოვაში საზღვრის დახმარების ევროკავშირის მისიის დელეგაცია ეწვია
საქართველოს უკრაინასა და მოლდოვაში საზღვრის დახმარების ევროკავშირის მისიის დელეგაცია ეწვია
17:13 10.05.2012
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინასა და მოლდოვაში საზღვრის დახმარების ევროკავშირის მისიის (EUBAM) ხელმძღვანელი უდო ბურქჰოლდერი და მისიის მენეჯმენტის მრჩეველი სნეჟანა ნენოვა ეწვია.
სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა გენერალ–მაიორმა ზაზა გოგავამ მიიღო.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გაიმართა საქართველოს სასაზღვრო უწყებისა და EUBAM–ის პრეზენტაცია. ქართულმა მხარემ სტუმრებს გატარებული რეფორმები გააცნო.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან.
სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, შემოსავლების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან.
დელეგაცია საქართველოს 12 მაისს დატოვებს.

ბეჭდვა