სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
09:41 08.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, ზუგდიდის სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, დღეს საქმის არსებითი განხილვა შედგება.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე კი მოწმედ, სავარაუდოდ, სამ პოლიციელს წარადგენს.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესს თავად ვერ დაესწრება, რადგან ამავე დროს სააპელაციო სასამართლო სხდომაა დანიშნული.
„როდესაც ორი პროცესი ერთმანეთს ემთხვევა, სხდომის გადადება შეიძლება. როგორც წესი, ქვედა ინსტანციამ ზედა ინსტანციის სასარგებლოდ უნდა დათმოს. სააპელაციო სასამართლოში ცნობა წარვადგინე და გადადება ვითხოვე, მაგრამ არ დააკმაყოფილეს“ - განაცხადა შავგულიძემ.
მისი ინფორმაციით, ჩაჩიბაიას საქმეზე დღევანდელ სასამართლო სხდომას ადვოკატი გიორგი სამუშია დაესწრება.
ცნობილია, რომ ჩაჩიბაია მარტში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.

ბეჭდვა