ტერაქტებისთვის მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
ტერაქტებისთვის მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
09:32 08.05.2012
საქართველოში განხორციელებული ტერაქტებისთვის მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე პატიმრებთან საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. დანაშაულის აღიარების შემთხვევაში პროკურატურა პატიმრებს სხვადასხვა ვადით საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.
შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის, რადგან პატიმრებს შეთავაზებული ვადები არ აკმაყოფილებთ.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებას მხოლოდ ერთი პატიმარი გოდერძი არქანია დათანხმდა, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 წლითა და 7 თვით შესთავაზეს, საიდანც 1 წელი და 5 თვე უკვე მოხდილი აქვს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით კეკუტია ითხოვს, რომ საერთოდ მოუხსნან ბრალი ტერაქტებზე, რადგან მიიჩნევს, რომ მასთან შეხება არ ჰქონია და თუ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია, თანახმაა მეორე ბრალი - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღიაროს, რასაც, ასევე, არ ჰქონია ადგილი და ასეთ შემთხვევაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ნიკოლაიშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისში აფეთქებების სერიის ორგანიზებაში ბრალდებული 12 პირი 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მამუკა შონიას, ჯონი აბულაძეს, გოგიტა და გოდერძი არქანიებს, მერაბ ყოლბაიას, მარიამ ნიკოლავას, გოჩა ხურცილავას, ლელა ხურცილავას და ჯენერი მატკავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-დან 30-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება მოხდა აშშ-ს საელჩოს სიახლოვეს, 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა იყო, 21 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თბილისის რკინიგზის სადგურთან, 28 ნოემბერს აფეთქება მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი. იმავე დღეს აფეთქება მოხდა მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან.

ბეჭდვა