პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, ზუგდიდის
სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ხვალ საქმის არსებითი განხილვა შედგება.
მისი თქმით, ხვალინდელ სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე კი მოწმედ, სავარაუდოდ, სამ პოლიციელს წარადგენს.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესს თავად ვერ დაესწრება, რადგან ამავე დროს სააპელაციო სასამართლო სხდომაა დანიშნული.
„როდესაც ორი პროცესი ერთმანეთს ემთხვევა, სხდომის გადადება შეიძლება. როგორც წესი, ქვედა ინსტანციამ ზედა ინსტანციის სასარგებლოდ უნდა დათმოს. სააპელაციო სასამართლოში ცნობა წარვადგინე და გადადება ვითხოვე, მაგრამ არ დააკმაყოფილეს“ - განაცხადა შავგულიძემ.
მისი ინფორმაციით, ჩაჩიბაიას საქმეზე ხვალინდელ სასამართლო სხდომას ადვოკატი გიორგი სამუშია დაესწრება.
ცნობილია, რომ ჩაჩიბაია მარტში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.
