აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და კერძო აღმასრულებლებს შორის დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტები კოლეგებს ბიუროს ახალი სერვისებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, განსახილველ თემებს შორისაა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სისტემა, სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები და სხვა სიახლეები.
შეფასების სამსახური აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულია. მისი მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების აღმასრულებლების მიერ დაყადაღებული ქონების, საგადასახადო ოფიცრების, დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე ქონების ობიექტური შეფასება და მისი საბაზრო ღირებულების დადგენა, შესაფასებელი ქონების იდენტიფიკაცია და ინსპექტირება, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება, ასევე ქვეყნის მასშტაბით ქონების ბაზრის პერიოდული ანალიზი.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები საქმისწარმოების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
