ნანა კაკაბაძის შეფასებით, გარდაცვლილი პატიმარი ზურაბ დელიანიძე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია
ნანა კაკაბაძის შეფასებით, გარდაცვლილი პატიმარი ზურაბ დელიანიძე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია
20:11 04.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის შეფასებით, გარდაცვლილი პატიმარი ზურაბ დელიანიძე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.
„დელიანიძე ავადმყოფობით გარდაიცვალა თუ წამებით, ფაქტია, რომ ის არასათანდო მოპყრობის მსხვერპლი იყო. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ არსებობს, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები აუცილებლად სწორი ან არასწორია. ამის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს. ფაქტია, რომ ადმინისტრაციამ არასათანადო მოპყრობით პატიმარი სიკვდილამდე მიიყვანა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ კაკაბაძემ.
იგი განმარტავს, რომ მძიმე ფორმით ავადმყოფობის შემთხვევაში, კანონი პირდაპირ ავალდებულებს ადმინისტრაციას პატიმრის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას, სადაც მისთვის შესაბამისი მკურნალობა იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარება, იგი უნდა გაათავისუფლონ.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციამ კანონი პატიმრის საწინააღმდეგოდ დაარღვია და გამოკვეთილად დგას მისი სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ახლა თვითონ იდავონ, ერთმანეთი ატყუონ და არკვიონ, როგორ გარდაიცვალა პატიმარი. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. გამოძიების ჩატარება პირობითი ცნებაა, მაგრამ უნდა გაირკევს - ავად იყო და ამის შედეგად მიიყვანა იგი ადმინისტრაციამ სიკვდილამდე თუ აწამეს“ - აღნიშნა კაკაბაძემ.
პატიმარი ზურაბ დელიანიძე რამდენიმე დღის წინ მე-18 საკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ მას გვამი არ გაუკვეთავს, მხოლოდ გარეგნულად დაათვალიერა და ამის შედეგად დაფიქსირდა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ნაწოლები აქვს. მისი თქმით, ცხედარი სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებამ გაკვეთა.

ბეჭდვა