ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არ გამორიცხავს, რომ 41 წლის გარდაცვლილი პატიმარის თენგიზ ბელქანიას შემთხვევაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის
არასათანადო რეაგირებას ჰქონოდა ადგილი.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-ს წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა, ხშირად ხდება, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის ახლობლები შესაბამის კომისიას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართავენ.
„თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კომისია ამაზე შესაბამის რეაგირებას არ ახდენს, რასაც უმეტესად პატიმრების გარდაცვალება მოსდევს. თენგიზ ბელქანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმის კურსში სათანადოდ არ ვარ, თუმცა, კომისიის არასათანადო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ვფლობ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ბელქანიას შემთხვევაში კომისიის მხრიდან ასეთ დაუდევრობას ჰქონოდა ადგილი“ - განაცხადა ეკა ფოფხაძემ.
თენგიზ ბელქანია მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ბელქანია ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო. ბოლო დროს, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თუმცა, ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამისა, მას არ ათავისუფლებდნენ.
„ბელქანიას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე უწყებას მივმართეთ და შუამდგომლობის საკითხიც დავაყენეთ, თუმცა, არცერთ მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია“ - განაცხადა ხარჭამაძემ.
გარდაცვლილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე გადაასვენეს.
