სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი და მოძრაობა „არა“
სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პრესკონფერენციაზე #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ ზურაბ დელიანიძის გარდაცვლების ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ გავრცელებულ ფოტოებზე პატიმარს აშკარად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი.
მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელის ლევან ჩიტაძის თქმით, პატიმარი 25-26 აპრილს გარდაიცვალა, ამის შესახებ კი, ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს რა სახის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რამ გამოიწვია სიკვდილი და აქვს თუ არა ადგილი საპყრობილის ადმინისტრაციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ან მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტებს.
„მინიმუმ გლდანის მე-8 საპყრობილის უფროსი უნდა გათავისუფლდეს და პასუხისგებაში მიეცეს, რადგან აღნიშნულ საპყრობილეში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასევე, უნდა დადგეს ხათუნა კალმახელიძის გათავისუფლების საკითხიც“-განაცხადა ჩიტაძემ.
როგორც „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ წარმომადგენელმა კოკა კვინიკაძემ აღნიშნა, სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა და ვენერიული დაავადება გახდა. მისი თქმით, გულის შეტევით გარდაცვალება წამებასაც შეეძლო გამოეწვია.
„ფაქტია,რომ ადამიანი ციხეში შევიდა ჯანმრთელი და 5 თვის შემდეგ ნაწამები და გარდაცვლილი დაუბრუნეს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ალბათ არც ბოლო იქნება“-განაცხადა კვინიკაძემ.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
მათივე თქმით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ინფორმაცია ობიექტური გამოძიების შედეგებზე.
