სასჯელაღსრულების სამინისტრო - ზურაბ დელიანიძე ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით ავადმყოფობდა
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ზურაბ დელიანიძე ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით ავადმყოფობდა
18:53 03.05.2012
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმარი ზურაბ დელიანიძე ვენერიული დაავადების მწვავე  ფორმით ავადმყოფობდა და მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.
სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც პატიმრის მდგომარეობაზე განმარტებებია მოცემული.
მათი განმარტებით, მსჯავრდებული ზურაბ დელიანიძე 2011 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა, რისთვისაც მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მათი ცნობით, 2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული ზურაბ დელიანიძე, მკურნალობის მიზნით, #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტროს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელება არ სურდა, თუმცა, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს ზოგიერთი დეტალი გახადოს ცნობილი. მსჯავრდებული ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით ავადმყოფობდა და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა“- აღნიშნულია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ფაქტი საჭიროებს დეტალურ შესწავლას, თუმცა, წინასწარი ვარაუდით, შესაძლებელია, რომ გარდაცვლილ მსჯავრდებულს, ავადობით გამოწვეული ნაწოლები და გვამური ლაქები აღენიშნება.
„ზემოაღნიშნულის შესწავლა შესაძლებელია მოითხოვოს და განახორციელოს ასევე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის გზით. გამოძიების დასრულების შემდეგ კი, საზოგადოებას სამინისტრო დელიანიძის გარდაცვალების შესახებ დამატებით ინფორმაციას ამცნობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისა და პროგნოზებისგან“ - ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა. ფოტოს მიხედვით, გარდაცვლილს ზურგზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს.


ბეჭდვა