სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის საქმეს დეტალურად
შეისწავლის და შედეგებს გამოაქვეყნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ რომ, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც კონკრეტულ დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმარს სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები აღენიშნება.
„მიუხედავად გავრცელებული ფოტომასალისა, შეუძლებელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება და დაზიანებების ზუსტ წარმომავლობაზე საუბარი. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახი აპირებს ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მოწვევას. მხოლოდ ექსპერტის თუნდაც წინასწარი დასკვნის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სრული დასკვნისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ იქნება შესაძლებელი დაზიანებების წარმომავლობაზე კონკრეტული საუბარი“- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
სახალხო დამცველი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს ყურადღება მიაქციონ ამ საქმეში არსებულ თითოეულ დეტალს და ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გადადგან დროული და ადეკვატური ნაბიჯები.
როგორც „ნიუსპრესს“ ომბუდსემნის აპარატიდან აცნობეს, ომბუდსმენის წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში, შეხვდა და გაესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ფოტოზე გარდაცვლილს ზურგზე ჭრილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
