ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მის დაპატიმრებაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მის დაპატიმრებაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს
13:30 03.05.2012
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევასა და მის დაპატიმრებაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს  მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ქოქოლაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები იმ უკანონო და თაღლითური გეგმის გაგრძელებაა, რომელიც „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლით დაიწყო და მისი დამფუძნებლის ქოქოლაძის დაპატიმრებით დასრულდა.
„ჩემს გამო მოხდა ჩემი ოჯახის წევრების, ბიძაშვილების - მალხაზ და თენგიზ ნაგერვაძეების და სიძის ლევან დუმბაძის დაპატიმრება. მათ მიმართ წაყენებული ბრალდებებიც ყოვლად უსუსური და უსაფუძვლოა. მათ ფინანსურ პოლიციაში იბარებდნენ და ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ისინი დააპატიმრეს, რადგან ცრუ ჩვენების მიცემას არ დათანხმდნენ“- აცხადებს პატიმრობაში მყოფი ანზორ ქოქოლაძე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკმა“ „ელიტ ელექტრონიქსის” აქციების საკონტროლო პაკეტი ჯერ თაღლითურად დაისაკუთრა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით სიმბოლურ ფასად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ დაფუძნებულ „ელიტ ელფლაიენსს“ და „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ გადაუფორმა.
„2010 წლის თებერვალში, მოლაპარაკებების დროს, მამუკა ხაზარაძე პირადად მიმტკიცებდა, რომ ყველა ამ მოქმედების ორგანიზატორი და გადაყვეტილების მიმღები თვითონ იყო. დღეს უკვე ფაქტია და არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებასთან გარიგებით, წინასწარ განზრახული თაღლითური გეგმით მოქმედებდა, რომლის განხორციელებაშიც „თიბისი“ ბანკი, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებით მონაწილეობდა“ - აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.
ბიზნესმენი 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალად 2008-2009 წლებში უკანონო გარიგებებში მონაწილეობა და სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე თავის არიდება ედებოდა. ქოქოლაძე 2011 წლის აპრილში დამნაშავედ სცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით სისხლის სამართლის კოდექსით ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სასჯელი დაემატება.

ბეჭდვა